ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

"ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა" – ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი

ანდრია ლილუაშვილის დაკავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა 4 ობიექტის ჩხრეკა, თუმცა თანხა ამოღებული არ არის. 

როგორც გაგი მოსიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, არ არის ამოღებული არც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. 

"ვადასტურებ, რომ 4 ობიექტზე ნამდვილად ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არ არის ამოღებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა, რაც, ალბათ, მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამდენად, დაკავების სამართლებრივი საფუძველი ცოტა არ იყოს გასაკვირია.

[...] ჩვენთვის ცნობილია, რომ ანდრია ლილუაშვილი წლების განმავლობაში არის ბიზნესში. 2000 წლიდან აქვს ბიზნესი. ეს არ არის ახალი გარემოება" - ამბობს მოსიაშვილი. 

პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. 

იმავე ბრალდებით გუშინ დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი - კობა ხუნდაძე. 

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი".

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები