ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

კითხვებს ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცა - ადვოკატი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე

ქართული ოცნება

ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის თქმით, გამოკითხვის დროს, ღარიბაშვილმა გამოძიების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

"ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით გამოკითხეს. მან განმარტებები გააკეთა იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ის იმ პერიოდში ეწეოდა, როცა კერძო სექტორში იყო - პირველი პრემიერობის შემდეგ პერიოდს ვგულისხმობ. ასევე, გამოძიებას კითხვები იმ პერიოდზეც ჰქონდა, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ჰქონდა [...]

ვფიქრობთ, რომ ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა, ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გაეცა [...] არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბატონმა ირაკლიმ საზოგადოების წინაშე შესაბამისი განმარტებები თავად გააკეთოს". - თქვა ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა. 

ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს.

"მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას" - განაცხადა გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მან არ უპასუხა შეკითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები