ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ გადადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ინგა რუგინენესა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე მინდაუგას სინკევიჩიუსის ნდობა დაკარგა.
შაკალიენემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ნდობის არარსებობის გამო მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ კვირას რუგინენესთან საჯარო დაპირისპირებას მოჰყვა, როდესაც ლიტვის პრემიერმა თანაპარტიელი შაკალიენე მთავრობის ზურგს უკან ბიუჯეტის ლობირებისთვის გააკრიტიკა. 20 სექტემბერს რუგინენემ შაკალიენეს თავდაცვის ინდუსტრიაზე პასუხისმგებლობა ჩამოართვა და აღნიშნა, რომ "ნდობა აშკარად შესუსტდა".
გადადგომის ოფიციალური წერილის წარდგენამდე, შაკალიენე პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრას გეგმავს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.
"ვერ ვხედავ მიზეზს, რომელმაც შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება შეცვალოს - ეს პოლიტიკაა." - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
ნაუსედამ შეხვედრამდე საუბრისას, აღნიშნა, რომ 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია და "ამ დროისთვის ყველა დანარჩენი გვერდზე უნდა გადაიდოს." პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ დაძაბულობის შესახებ შაკალიენეს ვერსიის მოსმენა სურს.





