რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, პუტინს ეტყვის, რომ თუ ომს გააგრძელებს, უკრაინას Tomahawk-ებს მიაწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა უკრაინას შორი რადიუსის Tomahawk-ის რაკეტები მისცეს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაამთავრებს. 

"მათ [უკრაინელებს] Tomahawk-ები უნდათ, ეს ახალი ეტაპია... ამის შესახებ ვილაპარაკეთ", განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე, რომელიც ისრაელისკენ მიფრინავდა. 

ტრამპის თქმით, შესაძლოა რუსეთთან Tomahawk-ების შესახებ ლაპარაკი მოუწიოს: "უნდათ მათ [რუსებს] მათ მიმართულებით მიმავალი Tomahawk-ები?" - იკითხა ტრამპმა რიტორიკულად: "არა მგონია." - დაამატა მან.

"ვფიქრობ, ამის შესახებ შეიძლება რუსეთს დაველაპარაკო. ეს პრეზიდენტ ზელენსკისაც ვუთხარი, რადგან Tomahawk-ები აგრესიის ახალი ეტაპია." - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ტრამპის თქმით, შესაძლოა, პუტინს დაელაპარაკოს და უთხრას: "თუ ეს ომი არ მოგვარდება, მათ Tomahawk-ებს გავუგზავნი... შეიძლება გავუგზავნო... Tomahawk შესანიშნავი იარაღია. ძალზე თავდასხმითი იარაღი და, გულწრფელად, რუსეთს ეს არ სჭირდება." 

კომენტარები