ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა, რომლის შეტანასაც ქართული ოცნება სასამართლოში, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში აპირებს.
"საბოლოოდ სარჩელი რამდენიმე დღეში მომზადდება და საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. ჩვენს ქვეყანას დამშვიდება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება სჭირდება და ეს სარჩელიც ზუსტად ამას ემსახურება. დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილია პარტიები, რომლებიც მუდმივად დესტრუქციისკენ არიან მომართულები და მათი ყველა ნაბიჯი დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემა არ შედგეს, ამას კი კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება სჭირდება [...]
ვისზე გავრცელდება, სრულ სიას იმ დღეს იხილავთ, როცა სარჩელი ოფიციალურად შევა [...] ვინც 2012 წლამდე სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი იყო, ეს სარჩელი მათზე აუცილებლად გავრცელდება. 2012 წლის შემდგომ პერიოდს რაც შეეხება - ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში მონაწილეობდა და ამ ქვეყანას არ ასვენებდა, ეს სარჩელი მათაც შეეხება. ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე. დანარჩენზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს". - თქვა კობახიძემ.
ივანიშვილის პარლამენტი იწყებს ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას.
ცვლილებები შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალოს პირს, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან, რომელსაც სურს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, "დაუშვებელია პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, წევრი იყოს პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
ცვლილების მიხედვით, პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ "მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს". ასევე იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი ან წევრი არის ის პირი, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ეკრძალება პირს, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირის შეყვანა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
ცვლილებების მიხედვით, ასევე "დაუშვებელია მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია მერობის კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც "არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესრულებას, რომლითაც პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებით ბარათში წერია, რომ არჩევნები არის დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნა და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის ფაქტი, "რომ დემოკრატიული პროცესების ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია თავად დემოკრატიულ მმართველობასა და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს შეექმნას საფრთხე."





