მოძრაობა თავისუფლების მოედნის ლიდერი, ლევან ცუცქირიძე პარტიების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. ცუცქირიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ახალი პოლიტიკური ძალების ეშინია.
"რეალურად, ქართულ ოცნებას ყველაზე დიდ საფრთხეს ისეთი პოლიტიკური მოძრაობები და პარტიები უქმნის, რომლებიც ხელისუფლებაში არ ყოფილან, არც მათ და არც წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ოჯახთან არიან დაკავშირებული, არაფერი საბოდიშო არ აქვთ, არც რაიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები და თავისი პატიოსნება, პროფესიონალიზმი და თანმიმდევრულობა აქამდე არაერთხელ უჩვენებიათ.
მათ ყველაზე მეტად პრინციპულად ახალი და სუფთა პოლიტიკური ძალების ეშინიათ. ამიტომ, ახლა ცდილობენ, ეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ, ვითომ, რაღაც ხალხის მტრებთან ბრძოლის სახელით გააფორმონ და ყველა შეაშინონ, ვისაც ხმის ამოღება უნდა და თვლის, რომ საქართველოს მოქალაქე თუ ხარ, ხმაც უნდა ამოგეღებოდეს. ამიტომ, ეს არის ბრძოლა არა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ, ამასთანავე, პოლიტიკური განახლებისა და მოქალაქეობის იდეის წინააღმდეგ". - თქვა ცუცქირიძემ.
ივანიშვილის პარლამენტი იწყებს ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას.
ცვლილებები შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალოს პირს, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან, რომელსაც სურს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, "დაუშვებელია პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, წევრი იყოს პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
ცვლილების მიხედვით, პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ "მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს". ასევე იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი ან წევრი არის ის პირი, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ეკრძალება პირს, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირის შეყვანა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
ცვლილებების მიხედვით, ასევე "დაუშვებელია მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია მერობის კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც "არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესრულებას, რომლითაც პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებით ბარათში წერია, რომ არჩევნები არის დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნა და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის ფაქტი, "რომ დემოკრატიული პროცესების ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია თავად დემოკრატიულ მმართველობასა და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს შეექმნას საფრთხე."





