პარტიების გაუქმება

პოლიტიკოსების და პარტიების საქმიანობის აკრძალვა - კირცხალია კანონში შესატან ცვლილებებზე

TV იმედი / კადრი ვიდეოდან

"კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება - ვეღარ იყრიან კენჭს არჩევნებში" - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

კირცხალიას განცხადებით, მალე მზად იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მომზადებული სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება და საკონტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.

"რიგი ცვლილებები შევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში: კერძოდ, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს, ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.

ამგვარი პირები, არათუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც, მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი პოზიციის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან პოლიტიკურ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან.

მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება, ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულობებს. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად პარტიაში მიიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას." - განაცხადა კირცხალიამ ბრიფინგზე.


ქართული ოცნების პარლამენტი იწყებს ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას. 

ცვლილებები შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალოს პირს, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან, რომელსაც სურს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, "დაუშვებელია პარტიის დამფუძნებელი,ხელმძღვანელი, წევრი იყოს პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."

ცვლილების მიხედვით, პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ "მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს". ასევე იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი ან წევრი არის ის პირი, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა. 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ეკრძალება პირს, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირის შეყვანა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.

ცვლილებების მიხედვით, ასევე "დაუშვებელია მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.

დაუშვებელია თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.

დაუშვებელია მერობის კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა." 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც "არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესრულებას, რომლითაც პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა." 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებით ბარათში წერია, რომ არჩევნები არის დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნა და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის ფაქტი, "რომ დემოკრატიული პროცესების ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია თავად დემოკრატიულ მმართველობასა და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს შეექმნას საფრთხე."

კომენტარები