ივანიშვილის დეპუტატის, ლადო ბოჟაძის თქმით, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აკრძალვა უნდა შეეხოს ყველას, ვინც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა.
ბოჟაძემ მაგალითად მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ზურა ჯაფარიძე და გიგა ბოკერია.
"იქნებიან ის ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს იმ რეჟიმის უშუალო შემოქმედები იყვნენ, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი. [...] კომისიის დროს დავიბარებდი გიორგი ბარამიძეს.
[...] ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ყველა, ვისაც ჰქონდა პოლიტიკური თანამდებობა, დეპუტატები, მინისტრები და ა.შ., ყველა ამ სიაში უნდა მოხვდეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემსრულებლებიც და ორგანიზატორებიც რეჟიმისა, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში.
მე შემიძლია განვსაზღვრო, რომ, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძე არის არა მხოლოდ გირჩის ლიდერი, არამედ იყო ენმ-ს ლიდერი. [...] მაგალითად, გიგა ბოკერია. 2012 წლის შემდეგ ენმ-ს ჰქონდა დაშლის და გაშლის გეგმა" - თქვა ბოჟაძემ TV პირველთან.
ოცნების ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური აქტივობა აეკრძალებათ იმ პირებსაც, ვინც არ არის რომელიმე პარტიის წევრი, თუმცა "თანხვედრაშია პარტიის მიზანთან" - ამის შესახებ იურიდიურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
არჩილ გორდულაძემ იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას ჩამოთვალა პირები, რომლებსაც შეეხებათ ინიცირებული კანონები.
"ეს არიან წევრები, მმართველი რგოლების წარმომადგენლები, ან შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები, ანუ პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები" - თქვა გორდულაძემ.
ქართული ოცნების პარლამენტი იწყებს ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას.
ცვლილებები შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალოს პირს, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან, რომელსაც სურს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, "დაუშვებელია პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, წევრი იყოს პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
ცვლილების მიხედვით, პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ "მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს". ასევე იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი ან წევრი არის ის პირი, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ეკრძალება პირს, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირის შეყვანა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
ცვლილებების მიხედვით, ასევე "დაუშვებელია მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია მერობის კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც "არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესრულებას, რომლითაც პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა."
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებით ბარათში წერია, რომ არჩევნები არის დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნა და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის ფაქტი, "რომ დემოკრატიული პროცესების ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია თავად დემოკრატიულ მმართველობასა და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს შეექმნას საფრთხე."





