გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

სუს-ში გამოკითხვაზე დამიბარეს, თანახმა ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო – ჯანდიერი

დავით ჯანდიერი და გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დიაბარეს. ჯანდიერი წერს, რომ თანახმაა მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხვაზე. 

"18:55 წუთზე მოვიდნენ სუს-ის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ". - წერს ჯანდიერი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, დღეს, 10 ოქტომბერს სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს "ბაჩიაშვილსა და გია ქემოკლიძეს შორის სავარაუდო გარიგების შუამავალი" დავით ჯანდიერი იყო. ჯანდიერმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

"ბინძური და შეკვეთილი ქარდია - ცარიელი ტყუილი. არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა". - დაწერა ჯანდიერმა.  

9 ოქტომბერს სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა. 

უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლეს, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".  

"საბოლოოდ, მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში" - წერს სუს.

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

უწყების ცნობითვე, "გუშინდელ დღემდე" არცერთ მოწმეს არ უხსენებია აღნიშნული 2 პატიმრის ბაჩიაშვილთან შესახლების შესახებ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს. 

ცნობისთვის, 21 აგვისტოს  N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ასევე თანამდებობა დატოვა პენიტენციურის უფროსმაც, ბეჟან ობგაიძემ.

7 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები