გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

გლდანის ციხის ხელმძღვანელმა და პენიტენციურის მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური წერს, “გიორგი ბაჩიაშვილსა და გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ მსჯავრდებულს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე” გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის "გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები", ხოლო "გამოკვეთილი გარემოებები", სპეციალური პენიტენციური სამსახურის თქმით, აჩენს "საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირები და გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".

"იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე წლის 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხა სხვადასხვა პირი, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.

შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს". - წერია განცხადებაში 


ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი მალევე დაადასტურა კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. 

მანამდე სპეციალური პენიტენციური სამსახური ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით ამტკიცებდა, რომ "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

თავად ბაჩიაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების “უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას” უკავშირებს.

კომენტარები