გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

სუს-ის ინფორმაცია თანხვედრაშია პენიტენციური სამსახურის ვერსიასთან - იუსტიცია ქემოკლიძეზე

იუსტიციის სამინისტრო სუს-ის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მომხდარს სამინისტროს გენ.ინსპექციაც იძიება, სუს-ის ვერსია კი სულ თანხვედრაშია მათ ვერსიასთან.

"იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა გამოძიებას მიმდინარე წლის 11 ივლისს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხოლო გამოძიების გარკვეულ ეტაპზე, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გ. ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას". - ნათქვამია განცხადებაში. 

9 ოქტომბერს სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა. 

უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლეს, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".  

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

უწყების ცნობითვე, "გუშინდელ დღემდე" არცერთ მოწმეს არ უხსენებია აღნიშნული 2 პატიმრის ბაჩიაშვილთან შესახლების შესახებ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს. 

ცნობისთვის, 21 აგვისტოს  N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ასევე თანამდებობა დატოვა პენიტენციურის უფროსმაც, ბეჟან ობგაიძემ.

7 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები