რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 8 ოქტომბრის ბრიფინგზე საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა.
"ხაზს ვუსვამთ, რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ როგორც გლობალური სამხრეთიდან, ისე დასავლური სახელმწიფოებიდან, დაადასტურეს ხმის მიცემის გამართულობა და პროფესიონალურობა. მომყავს შეფასებები, რომლებიც არა ჩვენი, არამედ დამკვირვებლებისაა, რომლებიც ამ არჩევნებზე მუშაობდნენ. მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტული იყო." - თქვა ზახაროვამ.
არჩევნებს, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა, სხვა დამკვირვებლების გარდა აკვირდებოდა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ელენა ბალდოვსკაია. მან ცესკოს წევრების მომზადება კარგად შეაფასა. დამკვირვებლებს შორის იყო ყალბი დამკვირვებლების მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი ფრანგი პიროვნება, ფრანკ ივონ პენგამი, რომელიც 2024 წელს მიწვეული იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. მაშინ პენგამი ვლადიმირ პუტინის გამარჯვებით "გაოცდა" და დადებითად შეაფასა საარჩევნო პროცესი. მან დადებითად შეაფასა საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებიც, რაც სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ გააშუქა. კიდევ ერთი პირი, რომელიც ცრუ დამკვირვებელთა სიაში "არასანდო დამკვირვებლის" სტატუსით არის მოხვედრილი, არის პოლონელი პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები გამოირჩევა იმით, რომ პროცესს ეუთო/ოდირის მისია არ აკვირდებოდა. ეუთო/ოდირი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფია. ივანიშვილის მთავრობამ ODIHR-ის მისია მხოლოდ 6 სექტემბერს, არჩევნებამდე თითქმის 1 თვით ადრე მოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაციამ პასუხად გაავრცელა განცხადება, რომელშიც, ფაქტობრივად, ეწერა, რომ მოწვევა დაგვიანებული იყო და ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში "სანდო და არსებითი დაკვირვების" ჩატარებისთვის მომზადება შეუძლებელი იქნებოდა.





