საქართველო-რუსეთი

ზახაროვა: შეშფოთებას იწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში დასავლელი "მოთამაშეების" ჩარევა

4 ოქტომბრის აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ზახაროვა იმეორებს ქართული ოცნების ნარატივს, თითქოს მათ დამხობას დასავლეთის დახმარებითა და მითითებებით ცდილობდნენ. ზახაროვას თქმით, საქართველოს საშინაო საქმეებში "დასავლელი მოთამაშეების ჩარევა" შემაშფოთებელია.

"სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში ცნობილი დასავლელი "მოთამაშეების" ჩარევა. "სახელმწიფოების" თქმა, გულწრფელად რომ ვთქვა, მთლად სწორი არაა - "მოთამაშეები". ევროკავშირელებისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში გასამართლებულ უკრაინის მოქალაქე მ. სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, პირდაპირ გააკეთა კანონიერი ხელისუფლების გადაგდების მოწოდება. ამ წლის 4 ოქტომბრის საღამოს თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ოფიციალურ შენობაზე შტურმი სცადეს. გამოიყენეს ყველა ძველი "შაბლონი", რომელთა გამომუშავებაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში აქტიურად მიმდინარეობდა." - თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

ზახაროვა საქართველოს არჩევნებზე: უცხოელმა დამკვირვებლებმა დაადასტურეს პროცესის გამართულობა

ზახაროვას მტკიცებით, დემონსტრაციის ორგანიზატორთა მიზანი საქართველოში დასავლეთს დამორჩილებული "მარიონეტული რეჟიმის" დამყარება და ანტირუსული პოზიციების გამყარება იყო, რათა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ "ახალი ავანტიურისთვის" გამოეყენებინათ.

"დემონსტრანტებმა იძალადეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე. თითქოს ესენი სხვა ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ და არა საკუთარი თანამოქალაქეები. მათ იძალადეს ჟურნალისტებზე, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. ამ ჩავარდნილი პროვოკაციის ცხადი მიზანი იყო მაიდანის რეალიზაცია საქართველოში, მარიონეტული რეჟიმის დამყარება, რესპუბლიკის დასავლეთის ნებისთვის სრული დამორჩილება და მისი ანტირუსულ პოზიციებზე გამყარება. ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო გამოეყენებინათ ახალი ავანტიურებისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღდეგ და რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, [უნდოდათ] გარდაექმნათ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოსაყენებელ სხვის ხელში მყოფ ინსტრუმენტად.

ქართველი ხალხის ძირეული ინტერესები, ამავდროულად, ცინიკურად იგნორდება და უგულებელყოფილია მათ მიერ, ვინც ამ ფერადი რევოლუციების, მაიდანების, გადატრიალებების უკან დგას." - თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ირწმუნება, რომ მოსკოვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან "თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო" ურთიერთობა სურს.

"ვადასტურებთ ჩვენს თანმიმდევრულ მიზანდასახულობას სამხრეთ კავკასიაში ყველა ქვეყანასთან მშვიდობიან, თანასწორუფლებიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობისთვის. ვეწინააღმდეგებით რეგიონის მორიგ დაძაბული კონფრონტაციის არენად გარდაქმნას. აბსოლუტურად ცხადია, რომ მსგავსი ნეგატიური სცენარით დაინტერესებულები არიან მხოლოდ ზემოხსენებული არარეგიონული ძალები, რომლებიც ესწრაფვიან მხოლოდ საკუთარ კონიუნქტიურ მიზნებს, რომელთა დამღუპველი სახე კიდევ ერთხელ ჩაფლავდა ახლა, ამ დღეებში, მსოფლიოს ამ რეგიონში." - თქვა ზახაროვამ.


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები