ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025

ეუთო/ოდირი: არჩევნებამდე თვეზე ნაკლებ ვადაში მოწვევა არსებით დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

osce/odihr

ეუთო/ODIHR-ი ქართული ოცნების მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში მოწვევის პასუხად განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა, რომელიც არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში გამოგზავნეს, არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და არსებითი დაკვირვების ჩასატარებლად." - ნათქვამია ODIHR-ის განცხადებაში.

"გამჭვირვალე და სანდრო საარჩევნო დაკვირვებას სჭირდება სათანადო მომზადება და საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპების შეფასება, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად... სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მოვეწვიეთ ასეთ გვიან ეტაპზე, შეუძლებელს ხდის არსებით დაკვირვებას და ODIHR-ს ვერ შეეძლება არჩევნების დამკვირვებელი მისიის გაგზავნა. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, საქართველოს ინსტიტუციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩვენი ხანგრძლივი კოოპერაცია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა გასაძლიერებლად გაგრძელდება." - თქვა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.

ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქართულ ოცნებასთან კონტაქტის დროს ODIHR-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საჭირო იყო არჩევნების დაკვირვებისთვის მათი დროული მოწვევა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ყოვლისმომცველი მონიტორინგი. ასევე ნათქვამია, რომ წარსულ თვითმმართველობის არჩევნებში 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლებში სადამკვირვებლო მისიის მოწვევა საქართველოს მხრიდან დროულად მოხდა. 

ამას გარდა აღნიშნულია, რომ საქართველო, როგორც ეუთო-ში მონაწილე ქვეყანა, ვალდებულია ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. 

"მართალია ODIHR-ი არ აკეთებს კომენტარებს არჩევნებზე, რომლებსაც არ აკვირდება, მაგრამ ოფისი გააგრძელებს საქართველოს მოვლენების მონიტორინგს საკუთარი მანდატით გათვალისწინებულ ყველა ნაწილში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობაში." - ნათქვამია ეუთო-ს ვებგვერდზე.

აქამდე, 6 სექტემბერს ივანიშვილის მთავრობამ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვრივებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვია, რათა "არ დარჩეს არანაირი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით".

კომენტარები