რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთმა ღამით მასშტაბური იერიში მიიტანა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, 4 აგვისტო
REUTERS/Alexander Ermochenko

3 ოქტომბერს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთმა ღამის საათებში მიმდინარე საჰაერო თავდასხმისას უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბა, ძირითადი სამიზნე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა იყო. 

რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე აღმოსავლეთ ხარკოვი და ცენტრალური უკრაინა, პოლტავის რეგიონი, იყო, სადაც ქვეყნის ძირითადი გაზის საწარმო ობიექტები მდებარეობს. 

მაღალჩინოსნებს თავდასხმის შედეგად მიღებულ ზიანზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ენერგეტიკის კერძო მწარმოებელმა კომპანიამ DTEK-მა განაცხადა, რომ პოლტავის რეგიონში რამდენიმე ობიექტზე მუშაობა შეაჩერეს. 

მანამდე, 1-ელ ოქტომბერს ჩრდილოეთ კიევსა და ჩერნიგოვის ოლქზე დრონების თადასხმის შედეგად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება სამი საათით შეუწყდა, მათ შორის, 2016 წელს დაყენებულ კონტეინერსაც, რომელიც რადიაციის გაჟონვის პრევენციას უზრუნველყოფს. 

ქალაქ სლავუტიჩში რუსული იერიშების შედეგად ჩერნობილის ელექტროსადგურის ობიექტებზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა

"ძაბვის მოვარდნის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა ახალი დამცავი სარკოფაგი, საკვანძო ობიექტი, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მეოთხე ენერგობლოკის იზოლაციას ახდენს და გარშემო რადიოაქტიური მასალის გაჟონვას არ უშვებს". - წერია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმაც, რაფაელ გროსმაც დაადასტურა, რომელმაც განცხადებაში აღნიშნა, რომ სლავუტიჩის ქვესადგურის ხაზთან კავშირის დაკარგვის შემდეგ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ძაბვის მოვარდნა აღინიშნებოდა.

"ადგილი მალევე გადაერთო ალტერნატიულ ხაზებზე და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, გარდა ახალი დამცავი კონსტრუქციისა (NSC), რომელიც 1986 წლის ჩერნობილის ინციდენტის შემდეგ აშენებულ ძველ სარკოფაგს ფარავს. ამჟამად NSC-ს ელექტროენერგიას ორი საგანგებო დიზელის გენერატორი აწვდის. დანარჩენი ობიექტები კვლავ ელექტროენერგიით მომარაგებულია". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები