ზვიად რატიანის საქმე

გახარია რატიანის საქმეზე: არც ერთი წუთით არ ვნანობ იმას, რაც მოხდა მაშინ

პარლამენტი

"არც ერთი წუთით, იმაზე, რაც მოხდა მაშინ, არ ვნანობ" - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით თქვა. მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ "იმ სამწუხარო, არატრაგიკული, სამწუხარო შემთხვევიდან ჩვენ გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და რეალურად, ხარისხობრივად ბევრი რაღაც გავასწორეთ. არც ერთი წუთით, იმაზე, რაც მოხდა მაშინ, არ ვნანობ, იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველგან, ნასვამები ვართ, ქუჩაში ვართ თუ სად ვართ, რას ვამბობთ, იმაზეც".

კითხვაზე, რას არ ნანობს, შს მინისტრი განმარტავს, რომ "ჩატარებულ ღონისძიებებზე" საუბრობს. კითხვაზე, რატომ სცემეს ზვიად რატიანს, გიორგი გახარია პასუხობს - "ვინ ცემა, ვინ გითხრათ, რომ ცემეს, სასამართლომ სხვა რამე თქვა".

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა. 

კომენტარები