ვაშინგტონში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა.
თეთრმა სახლმა ტრამპის მიერ შემუშავებული 20-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა.

გეგმის მიხედვით შედგენილ რუკაზე ლურჯი ზოლით აღნიშნულია საზღვარი, რომელზეც IDF ამჟამად იმყოფება. მას შემდეგ, რაც ისრაელი ჰამასისგან ტყვეებს დაიბრუნებს, IDF უკან დაიხევს რუკაზე ნაჩვენებ ყვითელ ზოლამდე, წითელ ხაზთან ისრაელელი სამხედროები გადაადგილდებიან მაშინ, როდესაც ღაზაში არაბული ძალების მონაწილეობით დაკომპლექტებული საერთაშორისო კონტინგენტი შევა.
ტრამპის გეგმის 20 პუნქტი კი ასე გამოიყურება:
- ღაზა გახდება ტერორიზმისგან თავისუფალი, რადიკალიზმისგან დაცლილი ტერიტორია, რომელიც არ დაემუქრება მეზობლებს;
- ღაზა ხელახლა აშენდება ღაზის მოსახლეობისთვის, რომელმაც საკმარისზე მეტი იტანჯა;
- თუ ორივე მხარე დათანხმდა წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ შეწყდება. ისრაელის ჯარი უკან დაიხევს და მძევლების მისაღებად მოემზადება. ამ შუალედში ყველანაირი სამხედრო აქტივობა შეწყდება;
- ისრაელის თანხმობიდან 72 საათში, ჰამასმა უნდა დააბრუნოს ყველა მძევალი, ასევე დაღუპული მძევლების სხეულები;
- მძევლების დაბრუნების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს სამუდამო პატიმრობა მისჯილ პალესტინელებს, ასევე 1700 ღაზის მოსახლეს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ არის დაკავებული. თითოეული ისრაელელის სხეულის სანაცვლოდ ჰამასი 15 ღაზელის სხეულს მიიღებს;
- გაცვლების დასრულების შემდეგ, ჰამასის ნებისმიერი წევრი, რომელიც დათანხმდება მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და იარაღის ჩაბარებაზე, მიიღებს ამნისტიას. ჰამასის წევრებს, რომელთაც ღაზის დატოვება სურთ უსაფრთხოდ გააცილებენ სხვა ქვეყნებამდე;
- ღაზაში გაიგზავნება დიდი ოდენობით ჰუმანიტარული დახმარება, აღდგება ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა, ამუშავდება საავადმყოფოები და პურის საცხობი საწარმოები;
- დახმარების აღდგენაში არ ჩაერთვება არც ერთი მხარე. დახმარებაზე პასუხისმგებელი იქნება გაერო და მისი სააგენტოები, წითელი ჯვარი და სხვა საერთაშორისო ნეიტრალური ორგანიზაციები. აღსრულდება 2025 წლის 19 იანვრის ხელშეკრულება, რომელიც რაფას დერეფნის ორივე მიმართულებით გახსნას გულისხმობს;
- ღაზის მართვა დაეკისრება ტექნოკრატიულ, აპოლიტიკურ პალესტინური კომიტეტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო სამსახურებისა და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირებაზე. ეს კომიტეტი შედგება კვალიფიციური პალესტინელებისა და საერთაშორისო ექსპერტებისგან, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს ახალი საერთაშორისო გარდამავალი ორგანო - მშვიდობის საბჭო, რომლის ხელმძღვანელი იქნება აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საბჭოს სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი. დროებითი ორგანო განსაზღვრავს და უხელმძღვანელებს ღაზის რეკონსტრუქციას იქამდე, სანამ პალესტინის ადმინისტრაცია არ დაასრულებს რეფორმების პროგრამას;
- ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე ექსპერტების ჯგუფი იმუშავებს. გამოყენებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საინვესტიციო წინადადებები და განვითარების საინტერესო იდეები, ღაზის სექტორში შეიქმნება სამუშაო ადგილები;
- შეიქმნება სპეციალური ეკონომიკური ზონა, შეღავათიანი ტარიფებით;
- არავის დააძალებენ ღაზის დატოვებას და ყველას მიეცემა უკან დაბრუნების საშუალება;
- ჰამასი და სხვა დაჯგუფებები არც ერთი ფორმით არ მიიღებენ ღაზის სექტორის მართვაში მონაწილეობას. ტერორისტული და სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის გვირაბები განადგურდება;
- რეგიონალური პარტნიორები პასუხისმგებლობას აიღებენ იმაზე, რომ ჰამასი შეასრულებს თავის პირობას და ახალი ღაზა მეზობლებისთვის არ შექმნის საშიშროებას;
- აშშ საერთაშორისო და არაბულ პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნის საერთაშორისო სასტაბილიზაციო ძალებს (ISF), რომელიც გაწვრთნის და მხარს დაუჭერს გამოცდილ და შემოწმებულ პალესტინელ პოლიციელებს. ეს ძალები შიდა უსაფრთხოების პრობლემების სწრაფი გადაჭრისთვის იქნება გამოყენებული;
- ისრაელის მხრიდან არ მოხდება ღაზის სექტორის ოკუპაცია ან ანექსია. IDF-ის მიერ კონტროლისა და უსაფრთხოების დამყარების შემდეგ, ისრაელის ჯარები ეტაპობრივად დატოვებს ღაზის სექტორს;
- ჰამასის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, ზემოთხსენებული ჰუმანიტარული ოპერაციები მხოლოდ ტერორისტებისგან თავისუფალ ტერიტორიებზე ჩატარდება;
- დაიწყება კონფესიებს შორის დიალოგის პროცესი, რომელიც ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული;
- ღაზის სექტორის აღდგენის პროცესის წინსვლასთან ერთად, შესაძლოა საბოლოოდ შეიქმნას პირობები პალესტინელების თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობის გზის გასახსნელად;
- აშშ მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის მიზნით, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგის დამყარებას შეუწყობს ხელს;





