გაეროს შემდეგ, ბირთვული შეთანხმების დარღვევისთვის ირანის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმაც აღადგინა.
"დღეს, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები მის მიერ ბირთვული შეთანხმების დარღვევისთვის აღადგინა. დიპლომატიური მოლაპარაკების შესაძლებლობა კვლავ ღიად რჩება" – წერია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირის სანქციები მოიცავს ირანის ცენტრალური ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშების დაყადაღებას, ასევე ირანის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს.
მანამდე, 26 სექტემბერს ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით წარდგენილმა რეზოლუციამ, რომელიც სანქციების ექვსი თვით გადავადებას ითვალისწინებდა, 15-წევრიან საბჭოში მხოლოდ ოთხი ხმა მოიპოვა. სანქციები ოფიციალურად 27 სექტემბერს აღდგა.
გასულ თვეში გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ გაეროს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ირანი საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. წერილმა აამოქმედა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით (JCPOA) გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც სანქციების აღდგენის ასაცილებლად ირანს დიპლომატიური გამოსავლის მოძებნისთვის 30 დღეს აძლევდა.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საერთაშორისო სანქციების ხელახალ დაწესებას "არასამართლიანი, უსამართლო და უკანონო" უწოდა.





