Reuters-ის მიერ ნანახი გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის (E3) მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, E3-მა 28 აგვისტოს ირანის ბირთვული პროგრამის გამო მის მიმართ გაეროს სანქციების აღდგენის 30-დღიანი პროცესი დაიწყო.
გამოცემის ცნობით, ევროპულმა სამეულმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის ავტომატური მექანიზმი გაააქტიურონ.
მექანიზმით გათვალისწინებული პროცედურებით, ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას გაეროსთვის წერილის წარდგენიდან 30 დღე სჭირდება.
"E3 ერთგულია ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენების, რათა ირანმა ვერასოდეს განავითაროს ბირთვული იარაღი. სწორედ ამიტომ ვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ დღეიდან ამ შეტყობინებით ‘სნეპბეკის’ მექანიზმი ამოქმედდეს" — ნათქვამია წერილში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღეს.
ირანმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციების აღდგენას მისგან "მკაცრი პასუხი" მოჰყვებოდა.
Reuters გუშინ წერდა, რომ წყაროების თქმით, 26 აგვისტოს ირანსა და სამ ქვეყანას შორის გამართულ მოლაპარაკებებს დამაკმაყოფილებელი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა მხარეები ფიქრობენ, რომ მომდევნო კვირებში დიპლომატიური მიდგომა შესაძლოა ნაყოფიერი იყოს.
შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და მისი ფრანგი, ბრიტანელი და გერმანელი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირიდან ბირთვული პროგრამისა და სანქციების საკითხებზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა დაადასტურა, რომ მომდევნო კვირაში მოლაპარაკებები გაიმართება და ამავდროულად იგი ირანს დაემუქრა, რომ გაეროს სანქციები კვლავ ამოქმედდება, თუკი თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გაკონტროლებადი და გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა ვერ მიიღწევა.
13 აგვისტოს გამოცემა Financial Times წერდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა ფორმალურად აცნობეს გაეროს, რომ ისინი მზად არიან ირანის წინააღმდეგ სანქციების ავტომატური მექანიზმის გასააქტიურებლად, რათა აღადგინონ ირანზე გაეროს სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ირანი არ განაახლებს აშშ-სთან მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის შესახებ.
მექანიზმი, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) შედეგად შეიქმნა, მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ხელახლა აამუშაონ მანამდე გაუქმებული გაეროს სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრის გარეშე.
FT-ს მიხედვით, E3-ად ცნობილი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაეროს ირანის წინააღმდეგ მექანიზმის ამუშავების შესახებ 13 აგვისტოს მიმართეს. თუმცა, მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ რეჟიმს ვადის გახანგრძლივებაც შესთავაზეს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება.
მინისტრების თქმით, ეს გადაწყვეტილება ემყარება ირანის მხრიდან JCPOA-ის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევას 2019 წლის შემდეგ, როცა აშშ შეთანხმებიდან უკვე ერთი წლის გასული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე E3-მ თეირანს განუცხადა, რომ E3 მექანიზმის ვადის გახანგრძლივებაზე დათანხმდებოდა, თუ ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის გაგრძელებაზე დათანხმდებოდა. თუმცა, ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა FT-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები "რთულად" წარიმართა.
სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ ირანის საგარეო მინისტრმა, აბას არაღჩიმ FT-ს უთხრა, რომ E3-ს არ გააჩნია "სამართლებრივი ან მორალური საფუძველი," რომ სანქციების მექანიზმი აამუშაოს. არაღჩიმ E3 გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ირანი ევროპულ სახელმწიფოებს სამომავლო ბირთვული მოლაპარაკებებიდან გამორიცხავს.
ცნობისთვის, ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამაზე დაწესებულ JCPOA-ის შეზღუდვებს ვადა ოქტომბერში გასდით. თუკი მანამდე ავტომატური მექანიზმი ამუშავდება, მაშინ 2015 წელს ირანისთვის მოხსნილი ყველა გაეროს სანქცია ხელახლა ამუშავდება.





