ელჩის დაბარება

ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, სჭირდება რეაგირება – კობახიძე ელჩების დაბარებაზე

"მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა და მიზანიც ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში" - ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის ქვეყნების ელჩების დაბარებაზე. 

კობახიძის თქმით, რეაგირება სჭირდება ელჩების მხრიდან "ვენის კონვენციის დარღვევას". ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ "საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა ისე, როგორც პოლიტიკოსს". 

"რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიული პრინციპის უხეში ხელყოფა და ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს. მათ უნდა დაიცვან წესები, მათ უნდა დაიცვან პრინციპები, ეს არის მათ შორის ევროპული მიდგომა, არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები". - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ყველა ელჩის დაბარებას აპირებენ თუ არა, კობახიძემ უპასუხა: "ყველა არა, ყველა ელჩი ისე არ იქცევა, როგორც გერმანიის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ელჩები".

"რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები" - თქვა კობახიძემ.

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდიც დაიბარა. უორდი უწყებაში 25 სექტემბერს მივიდა. 

24 სექტემბერს საგარეო სამინისტროში მივიდა პეტერ ფიშერიც. უწყების ცნობით, ფიშერს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, რომ "აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას" - ნათქვამია ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ ფიშერს შეხვედრის დეტალებზე არ ულაპარაკია.

"სანამ შევიდოდი, განცხადება გავაკეთე და ასევე გადაგამისამართებთ საელჩოების განცხადებისკენ", - თქვა მან ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კომენტარები