საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფუძვლოდ დაიბარა და თავს დაესხა. მანვე აღნიშნა, რომ არ არის რადიკალი და მოსახლეობას მოუწოდა, რომ "არ დაიჯერონ ცრუ ნარატივი", რომ ის და სხვა დიპლომატები "ექსტრემისტულ დღის წესრიგს" მიყვებიან. ფიშერის თქმით, გერმანია საქართველოს მეგობრად რჩება.
ამის შესახებ ფიშერი X-ზე წერს.
"საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი "გამოძახება". გერმანიის მხრიდან მე დეტალურად უარვყავი უსაფუძვლო თავდასხმები ჩემზე და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ პრობლემებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართული ოცნების წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებმაც ეს ქმედებითა და რიტორიკით გამოიწვიეს და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკეს. არ მოუსმენიათ. არ ვარ რადიკალი. გერმანია მეგობრად რჩება". - წერს ფიშერი
ამასთან, ფიშერმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გააზიარა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ელჩი ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. მანვე მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ დაიჯერონ ცრუ ნარატივი, თითქოს ფიშერსა და მისი კოლეგებს "ექსტრემისტული დღის წესრიგი" აქვთ.
"ასევე, ნუ დაიჯერებთ ცრუ ნარატივს, რომ მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები რაღაცნაირად "ექსტრემისტულ დღის წესრიგს" მივყვებით. ჩემი ყველა აქტივობა გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის პოზიციას სრულად შეესაბამება, როგორც ეს ევროპული საბჭოს მიერ წერილობით და ჩვენი 27 არჩეული ლიდერის მიერ არაერთხელ თქმულა". - წერს ფიშერი.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის დაბარების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ფიშერი გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს და ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 24 სექტემბერს დაიბარა. საგარეო უწყების განცხადებით, გერმანიის ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, "მას აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".





