"შეიძლება ობიექტური მიზეზი აქვს იმას, რომ გამოვლინდა ეს დანაშაული ახლა და ვერ გამოვლინდა მანამდე. ამასთან დაკავშირებით პასუხს გაგცემთ სუს-ი" - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, "მოსთხოვენ თუ არა პასუხს გრიგოლ ლილუაშვილს" მისი სუს-ის ხელმძღვანელობის დროს 700 მილიონამდე გათეთრების საქმის გამოუძიებლობისთვის.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2019 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა.
კობახიძე: მე ინფორმაცია მაქვს [დაკავებულის ვინაობაზე], მაგრამ ითქვა თუ არა, არ ვიცი. [თქმა] უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა.
ჟურნალისტი: უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივა არ იყო, რომ 2 მილიარდი შავი ფული არ ყოფილიყო ქვეყანაში?
კობახიძე: რომ იყო, იმიტომ გამოვლინდა. შევიდა მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურში და აგერ, ორ კვირაში დადო ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება.
ჟურნალისტი: [გრიგოლ] ლილუაშვილმა ვერ ქნა?
კობახიძე: არ მინდა არც ერთ სახელზე... ვიღაცამ რაღაც ვერ ვქენით, ვიღაცამ ვქენით, დღეს უნდა გიხაროდეთ, რომ კონკრეტული დანაშაული გამოვლინდა.
ჟურნალისტი: პასუხს არ მოთხოვთ ლილუაშვილს, რომ ვერ შენიშნეს?
კობახიძე: არ ვიცი, შეიძლება ობიექტური მიზეზი აქვს იმას, რომ გამოვლინდა ეს დანაშაული ახლა და ვერ გამოვლინდა მანამდე. არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით პასუხს გაგცემთ უსაფრთხოების სამსახური.





