აზია

ნეპალში ანტისამთავრობო პროტესტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

ნეპალში ანტისამთავრობო პროტესტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა. 

დაღუპულთა შორის პროტესტის 21 მონაწილეა, 9 პატიმარი და 3 პოლიციელი. 

საპროტესტო ტალღა სოციალური მედიების დაბლოკვის, ფართომასშტაბური კორუფციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე დაიწყო. დემონსტრაციები ნეპალის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა მედიები მოვლენებს "ჯენ ზის პროტესტს" ეძახდნენ. აქციების დროს ხშირი იყო ლოზუნგები: "დაბლოკეთ კორუფცია და არა სოციალური მედია".

მშვიდობიანი პროტესტი 8 სექტემბერს დილიდან დაიწყო. რამდენიმე საათში სიტუაცია დაიძაბა და დაიწყო შეტაკებები. პოლიციამ დემონსტრანტების მიმართულებით საბრძოლო ტყვიების სროლა დაიწყო. ამავე დღეს ნეპალის მთავრობამ დედაქალაქ კატმანდუში კომენდანტის საათი დააწესა, თუმცა დემონსტრანტებმა ის დაარღვიეს და აქციები გაგრძელდა. ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ნეპალის სხვადასხვა ქალაქებში დამწვარი სამთავრობო შენობები ჩანს. ამას გარდა, დემონსტრანტები თავს დაესხნენ რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერმინისტრის სახლსაც.

მასობრივი  პროტესტის ფონზე ქვეყნის პრემიერმინისტრი, ქეი ფი შარმა ოლი თანამდებობიდან 9 სექტემბერს გადადგა.

 

კომენტარები