წულუკიანის კომისია

მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი – რეჟიმმა წულუკიანის კომისიის დასკვნა დაამტკიცა

ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომლის საფუძველზეც მომზადდება სარჩელი და განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. დასკვნის მიღებას მხარი ივანიშვილის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. 

კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ, რომელიც მამუკა მდინარაძის ნაცვლად, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარედ დაინიშნა. 

"460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდება ძალიან მყარი და საფუძვლიანი დასკვნა, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში. საზოგადოება ასევე დააკვირდება იმ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე. ის ახალგაზრდობა დააკვირდება, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე საგამოძიებო კომისიაში" - თქვა კირცხალიამ. 

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ციხეში არიან: კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ლელოს 2 ლიდერი - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. 

წულუკიანის კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინიტრი გიორგი გახარია - დაწყებულია გამოძიება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.

წულუკიანის კომისიის წევრები 19 ივლისს ესტონეთმა დაანსაქცირა.

კომენტარები