ჩორჩანას საქმე

წულუკიანი: ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილებით დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე მისი კომისიის ანგარიშის წარდგენის დროს გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წელს საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს შესახებ ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, კომისიის მუშაობის დროს დადგინდა, რომ გახარიას მიერ "ერთპიროვნულად მიღებული" გადაწყვეტილების შედეგად "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დაირღვა".

"როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დაირღვა, 2019 წელს, ჩორჩანაში გახარიას მიერ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.

ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე". - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები