უნგრული გამოცემის, Magyar Nezmet-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნავთობსადენ Дружба-სთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადებას "ღია მუქარა" უწოდა და თქვა, რომ ამას გრძელვადიანი გავლენა ექნება.
ამის შესახებ ინფორმაციას Magyar Nemzet ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ორბანმა ზელენსკის განცხადების შესახებ პოსტი Facebook-ის დახურულ ჯგუფში, Harcosok Klubja-ში დაწერა.
"ზელენსკის სიტყვებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება". - თქვა ორბანმა.
ამასთან, ორბანმა დაწერა, რომ "შანტაჟი, დაბომბვა და მუქარები ევროკავშირში არავის არ შეიყვანს".
"მოვლენებით დატვირთული კვირის ბოლო იყო. პრეზიდენტი ზელენსკი უნგრეთს ღიად ემუქრებოდა. მან აღიარა, რომ ნავთობსადენ Дружба-ს იმიტომ ესვრიან, რომ ევროკავშირში მათ გაწევრიანებას არ ვუჭერთ მხარს. ეს აჩვენებს, რომ უნგრეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო".
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის წინააღმდეგ "მუქარის" შემცველი განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი და უკრაინას რუსულ მილსადენზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, იქონია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოზე გავლენა რუსეთში მილსადენ Дружба-ზე უკრაინის მიერ მიტანილმა იერიშებმა.
"ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას, ახლა ამ მეგობრობის [Дружба-ს] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული," უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტს.
სიიარტოს პასუხად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ სიიარტოს უპასუხა, რომ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და არა - უნგრეთის და "არ სჭირდებათ, რომ უკრანის პრეზიდენტს უთხრან, თუ რა გააკეთოს ან თქვას და როდის". მანვე უნგრეთს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, უნგრეთი ნავთობის უდიდეს ნაწილს ნავთობსადენ Дружба-ს მეშვეობით იღებს. ბოლო პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ მიიტანეს დარტყმები Дружба-ს მილსადენზე, რის გამოც უნგრეთსა და სლოვაკეთს დროებით ნავთობის მიწოდება გარკვეული დროით შეწყვეტილიც ჰქონდათ.
22 აგვისტოს დილის საათებში უკრაინამ ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობსატუმბ სადგურ უნეჩაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უკრაინული გამოცემები წერდნენ, რომ აღნიშნული ობიექტი Дружба-ს მილსადენთანაა დაკავშირებული.
მალევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ აღნიშნულ დარტყმას უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე მორიგი თავდასხმა უწოდა და დაამატა, რომ "ეს ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა."
მოგვიანებით უნგრულმა გამოცემამ, Magyar Nemzet-მა გაავრცელა ვიქტორ ორბანის მიერ ტრამპისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც უნგრეთის პრემიერი უკრაინის მხრიდან რუსეთში Дружба-ს მილსადენზე მიტანილი იერიშის გამო ჩივის.
წერილში ორბანი რუსულ მილსადენზე უკრაინის დარტყმებს "ძალზე არამეგობრულს უწოდებს."





