უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის წინააღმდეგ "მუქარის" შემცველი განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი და უკრაინას რუსულ მილსადენზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთზე მუქარისთვის გამოიყენა. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მის დაშინებას.
[...] ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთზე მუქარა და დაასრულოს უპასუხისმგებლო თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე." - წერს სიიარტო X-ზე.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, იქონია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოზე გავლენა რუსეთში მილსადენ Дружба-ზე უკრაინის მიერ მიტანილმა იერიშებმა.
"ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას, ახლა ამ მეგობრობის [Дружба-ს] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული," უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, უნგრეთი ნავთობის უდიდეს ნაწილს ნავთობსადენ Дружба-ს მეშვეობით იღებს. ბოლო პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ მიიტანეს დარტყმები Дружба-ს მილსადენზე, რის გამოც უნგრეთსა და სლოვაკეთს დროებით ნავთობის მიწოდება გარკვეული დროით შეწყვეტილიც ჰქონდათ.
სიიარტოს პასუხად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ უნგრეთს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდა.
"არ გჭირდებათ, რომ უკრაინის პრეზიდენტს უთხრათ, თუ რა გააკეთოს ან თქვას, და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია, არა - უნგრეთის. უნგრეთის ენერგოუსაფრთხოება მისსავე ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით რუსეთისგან დამოუკიდებლები, დანარჩენი ევროპის მსგავსად." - წერს სიბიგა X-ზე.
22 აგვისტოს დილის საათებში უკრაინამ ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობსატუმბ სადგურ უნეჩაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უკრაინული გამოცემები წერდნენ, რომ აღნიშნული ობიექტი Дружба-ს მილსადენთანაა დაკავშირებული.
მალევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ დაწერა, რომ "Дружба-ს მილსადენზე განმეორებითი თავდასხმა მოხდა - მესამეჯერ დროის მოკლე მონაკვეთში." მისი თქმით, "უნგრეთისკენ ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება ისევ შეჩერებულია."
ამასთან, სიიარტომ აღნიშნულ დარტყმას უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე მორიგი თავდასხმა უწოდა და დაამატა, რომ "ეს ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა."
მოგვიანებით უნგრულმა გამოცემამ, Magyar Nemzet-მა გაავრცელა ვიქტორ ორბანის მიერ ტრამპისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც უნგრეთის პრემიერი უკრაინის მხრიდან რუსეთში Дружба-ს მილსადენზე მიტანილი იერიშის გამო ჩივის.
წერილში ორბანი რუსულ მილსადენზე უკრაინის დარტყმებს "ძალზე არამეგობრულს უწოდებს."





