"არცერთ ეტაპზე ჩემს მიმართ სამართალი არ განხორციელებულა. მიდის პირდაპირი გამოძალვა, ესენი [პროკურატურა] არიან გამომძალველი მხედრიონელის წარმომადგენლები. თხოვნა მაქვს თქვენთან, ნუ გახდებით ამ გამომძალველი, დანაშაულებრივი მანქანის, იარაღი ხელში" - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას.
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დაიწყო. ეს ქართული ოცნების მიერ სასამართლოში მედიის შემზღუდავი კანონის ამოქმედების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა მედიას პროცესის გადაღების უფლება მისცეს. გადაღების ნებართვა მიიღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა.
10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.
პროცესზე ვრცელი შესავალი სიტყვით წარდგა საქმეზე მსჯავრდებული, გიორგი ბაჩიაშვილი. ივანიშვილის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ვრცლად ისაუბრა საქმის გარემოებებზე, მის დაკავებაზე, საქართველოში ჩამოყვანასა და გლდანის ციხეში განხორციელებულ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც გახდა.
მისი თქმით, ეს საქმე არის შეკერილი, რომელშიც არ არის "არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა". "ეს გასამართლება პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია" - დასძინა მან.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში, ეს საქმე მაქსიმუმ სამოქალაქო სამართალწარმოების იყო.
"ვითომ დანაშაულის ჩადენიდან, საქმის დაწყებამდე გავიდა 7 წელი, ე.ი. ადამიანს მილიარდი ვითომ მოპარეს და არ იცოდა, ვერ ხვდებოდა. შემდეგ, ამ საქმეს რომ იწყებს შვიდი წლის მერე, ვერანაირი უტყუარი მტკიცებულებით, ამ საქმეს ვერ ამყარებს, ვერცერთით, გარდა თავისი და თავისი თანამშრომლების ჩვენებებისა.
სხდომები რა თქმა უნდა მხოლოდ დახურულ რეჟიმში იმართებოდა და ისეთ დახურულში, რომელიც აწყობდა მხოლოდ და მხოლოდ პირადად ივანიშვილს. სასამართლომ წამართვა საბოლოო სიტყვის უფლება. მე ქვეყანასაც დავასახელებდი და ყველაფერს, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებდა არც ჩემი პოზიცია, არც ჩემი სიტყვა, სასამართლოს უკვე დღეებით და კვირებით ადრე ჰქონდა დაწერილი ეს განაჩენი და თუ შეხედავთ, ივანიშვილის წარმომადგენლის, ვითომ ადვოკატის, რომელსაც ადვოკატის ლიცენზიაც კი არ აქვს, გამოქვეყენბულ ინტევიუს და თუ შეადარებთ განაჩენს, პირდაპი ერთი-ერთი წერია.
ამ საქმეში, რასაც ივანიშვილი ამბობს, ეგ რომ სიმართლე ყოფილიყო, საუკეთესო შემთხვევაში ეს საქმე იქნებოდა სამოქალაქო საქმე. ივანიშვილი გვედავებას, რომ იყო ვითომ ინვესტორი და ინვესტორებს შორის საქმეს, არ იხილავს სისხლის სამართალი" - თქვა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, არ აქვს ქართული მართლმსაჯულების სისტემის ნდობა.
"2 წლის წინათ, როდესაც დაიწყო ეს პროცესი, მაშინ ჩვენს მთავრობას გარკვეული დემოკრატიის შირმა ჰქონდა შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემს წინააღმდეგ. რეალური მიზეზი ამ დევნის უკან არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, იმიტომ რომ იმ დასაწყის დროს, მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პოლიტიკაზე და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომლისთვისც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ძალიან ბევრი თქვენი [მოსამართლის] კოლეგა და ამ პატივცემული პროკურორის კოლეგა არის დასანქცირებული.
დღეს უკვე საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის, სამწუხაროდ, სასამართლოს ნდობა არის ძალიან დაბალ დონეზე. მე პირადად ნული მაქვს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა" - თქვა ბაჩიაშილმა.
ბაჩიაშვილი ამბობს, საქართველო სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, 2 წლის განმავლობაში არ დაუტოვებია და "მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როდესაც მომივიდა ინფორმაცია, რომ ცხეში შენ წამებას აპირებენო - პირდაპირ ასე თქვა ივანიშვილმაო".
გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე გაიხსენა საქართველოში მისი იძულებითი დაბრუნების პროცესი. მისი თქმით, გააცების საქმეზე, ამ დრომდე, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა
"მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული, მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე. ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით ასე არის. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურით და თეთრი მაისურით სადღაც მდინარე გადმოცურული - ეს არის სიცრუე. ამაზე გამოძიების დაწყება ვითოხვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როცა ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე და არცერთი ადამიანი არ დაკითხულა, არც მე არ დავიკითხულვარ, არც ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულად ვუცნივარ, არანაირი მოქმედება მათ არ ჩაუტარებიათ. შემდეგ უკვე, როცა ჩამომიყვანეს ტყვეობაში მომიწყვეს წამება 11 ივლისს" - თქვა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა გლდანის ციხეში მის ცემათან დაკავშირებით. გაიხსენა, ცემამდე განვითარებული მოვლენები, როცა მისი თქმით, ციხის უფროსმა კაბინეტში შეიყავანა და ივანიშვილისთვის მისი კრიპტოსაფულეების გახსნა მოსთხოვა.
"ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიღო საკნის კარი დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი კიდევ სხვა დაზიანება მომაყენა.
არც კამერის ჩანაწერები არ წარმოუდგენია ჩვენთვის არავის და არც დაზარალებულად არ მაღიარეს. ამ ვაჟბატონის [პროკურორი] კოლეგები არანაირ მსველელობას არ აძლევენ ამ საქმეს, ერთია რომ გამოძიება დაიწყეს, მაგრამ უნდა კამერები ამოიღონ, დაზარალებულად მცნონ, ვინ არის აბა დაზარალებული, მე თუ თავ გატეხილი იქიდან გამომიყვანეს?! როდესაც სჭირდებოდათ კამერების ჩანაწერები, საიდანაც იყო, სამ საათში ამოღეს. აქ მითვისების საქმეს კი არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩემი დატყვევების საქმეს, ჩემი წამების საქმეს, მითვისებასთან არაფერი აქვს საერთო ამ საქმეს.
[...]
თქვენ, ჩემზე ასაკოვანი ბრძანდებით და ალბათ კარგად გახსოვთ მხედრიონის დრო, დღევანდელი სისტემა ამ ბატონის [პროკურორი] უწყების თამადობით და სამწუხაროდ, თქვენი [მოსამართლე] სხვა კოლეგების თამადობით, ზუსტად, 21-ე საუკუნის მხედრიონი არის და ვარ მე დღეს გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს" - თქვა ბაჩიაშვილმა.
[...]
ჩემი წამებიდან კვირა-ნახევრით ადრე მე გამიწყვიტეს ყველანაირი კავშირის უფლება გარე სამყაროსთან, ანუ, ჩემს ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მაქვს, თითქოსდა მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მოვახდინო. 2 წელი მანამდე გარეთ როცა ვიყავი მაშინ შემეძლო მოწმეებზე შემოქმედების მოხდენა, მაგრამ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ იპოვიდნენ, რომ მე ვცადე მაინც მოწმეებზე ზემოქმედება. მაგრამ მაინც ჩამიკეტეს გარეთ წვდომა, ადვოკატთან დარეკვის უფლება ამიკრძალეს, იმიტომ, რომ როდესაც შემოიყვანეს ის ნაძირალა ჩემს საწამებლად გარეთ ვერ დამერეკა. 63 საათი არ უშვებდნენ ადვოკატს ჩემთან, სახალხო დამცველთანაც არ მარეკინებდნენ.
საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზება რომ არ მოეხდინათ, ჩემი სიმპტომები ამოიღეს იმ ფორმა 100-დან, მე რასაც ვამბობდი ის არ ჩაუწერიათ და საავადმყოფოდან წამოსვლაზე უარს რომ ვამბობდი, ხელ-ფეხში მომკიდეს, ამიყვანეს და წამომათრიეს ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მოპყრობა". - თქვა ბაჩიაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ბაჩიაშვილმა ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ჩვენება მისცეს, რაც კოლეგიამ დააკმაყოფილა.
27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.
მოგვიანებით, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მადლობა გადაუხადა ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის "წარმატებით ჩატარებისთვის".
მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, გიორგი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაუცვალა.
კობახიძის თქმით, ეს "მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა" და პოლოლიკაშვილის კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ მან "სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა".
"ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. მიზეზი იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს". - თქვა კობახიძემ.
თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.





