აზერბაიჯანი-რუსეთი

თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ბაქო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელს ამზადებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ბაქო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადება.

ალიევმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდიდან 7 თვის შემდეგაც კი ბაქოს რუსეთის ოფიციალური პირებისგან პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.

"ჩვენთვის ყველაფერი ნათელია: ვიცით, რაც მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება. ვიცით, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებსაც იციან, რაც მოხდა და ეს კითხვას ბადებს - რატომ არ აკეთებენ იმას, რაც ნებისმიერ მეზობელს უნდა გაეკეთებინა. ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ბუნებრივია - მათ აღიარონ ეს შემთხვევა როგორც მათი ბრალი, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო და გადაუხადონ კომპენსაცია დაღუპულების ოჯახებს, დაჭრილებს და AZAL-ს, თვითმფრინავის დაკარგვისთვის" - განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, მფრინავებმა სიმამაცე, გამბედაობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინეს, რის შედეგადაც მგზავრებისა და თვითფრინავის ნაწილი გადარჩა.

"როგორც კი ჩვენი ჯგუფი აქტაუში მომხდარის შესასწავლად გავგზავნეთ, მაშინვე გვაცნობეს და გადაიღეს, რომ თვითმფრინავის მთავარი ნაწილი სავსე იყო ხვრელებით. თვითმფრინავში იყვნენ ორი ადამიანი, რომლებიც შრაპნელისგან დაშავდნენ, ასე რომ, მოსაზრება, თითქოს ეს იყო უკრაინული დრონი, რომელმაც შესაძლოა თვითმფრინავი დააზიანა, აბსურდულია."

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თვითფრინავზე არსებული დაზიანების მიხედვით, მასზე ორი შეტევა განხორციელდა.

"ახლა წარმოიდგინეთ, უკრაინული დრონი მოდის, მიზანში იღებს აზერბაიჯანულ თვითმფრინავს, ხვდება მას, შემდეგ ვარდება და ისევ თავიდან [ხვდება]?! ეს საბავშვო ბაღის ზღაპარია. ჩვენ ვიცით, რაც მოხდა. და მეტიც - რუსეთის საჰაერო სივრცე არ იყო დახურული. ის დაიხურა მხოლოდ თვითმფრინავის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში. ესეც იმ პირების პასუხისმგებლობაა, რომლებმაც არ გამოაცხადეს "კოვიორის ოპერაცია". ყველაფერი ნათელია, როგორც დღევანდელი ცა. მაგრამ შვიდი თვეა, პასუხი არ გვაქვს. ჩვენი გენერალური პროკურორი რეგულარულად უგზავნის წერილებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს. მაგრამ ყველა წერილზე პასუხია, რომ გამოძიება გრძელდება. დაველოდებით გამოძიების დასრულებას, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ქცევა არაეფექტიანია" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ამ ტრაგედიას არ დაივიწყებს.

"ჩვენ რუსეთის მხარეს შევატყობინეთ, რომ საერთაშორისო სასამართლოში მიმართვისთვის დოკუმენტაციას ვამზადებთ. ვიცით, რომ ამას დრო დასჭირდება. მალაიზიური ბოინგის საქმეს ათ წელზე მეტი დასჭირდა. ჩვენც დაველოდებით ათ წელს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. და სამწუხაროდ, ეს სიტუაცია, რომელიც ახლა ჰაერშია, რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს ხელს არ უწყობს" - დასძინა პრეზიდენტმა.


25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი. 

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა წყარომ Reuters-თან საუბარში თქვა, რომ, გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავი Панцирь-С-ის ჰსთ სისტემის რაკეტამ დააზიანა. რეისის კომუნიკაციების პარალიზება კი ელექტრონულო ბრძოლის მეთოდებით მოხდა, როცა ის გროზნოს უახლოვდებოდა.

"არავინ ირწმუნება, რომ ეს განზრახ გააკეთეს. თუმცა, დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ბაქო რუსული მხარისგან ელის აღიარებას, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს." - თქვა წყარომ.

დანარჩენმა სამმა წყარომ დაადასტურა, რომ გამოძიების წინასწარი შედეგებით თვითმფრინავის ჩამოგდება რუსულმა ჰსთ-მ გამოიწვია.

იგივე ცნობები რუსული რაკეტის შესახებ 25 დეკემბერს გაავრცელა Euronews-მაც. 

მოგვიანებით აზერბაიჯანული მედიამ Minval-მა აუდიოჩანაწერსა და მიღებულ წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სავარაუდო რუსი ოფიცერი აღიარებს, რომ გასული წლის დეკემბერში საჰაერო სამიზნის ჩამოგდების ბრძანება მიიღო, რომელიც მოგვიანებით Azarbaijan Airlines-ის თვითმფრინავი აღმოჩნდა. 

კომენტარები