აზერბაიჯანი-რუსეთი

აზერბაიჯანი რუსეთის "პირველ არხზე" ნაჩვენებ რუკას "სეპარატიზმის ხელშემწყობს" უწოდებს

   
   

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის სახელმწიფო "პირველ არხზე" რუკის გამოყენება, რომელიც ყარაბაღს აზერბაიჯანისგან განცალკევებულად ასახავს.

რუსეთის სახელმწიფო არხზე, გადაცემა "Время покажет" (დრო აჩვენებს) ანახეს რუკა, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ცალკე, აზერბაიჯანის ტერიტორიის გარეთ გამოსახავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აიხან ჰაჯიზადემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სრულად აღდგენილია და ეს რეალობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ.

მისი თქმით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე მოძველებული, ცრუ და სეპარატიზმის ხელშემწყობი ნარატივების გაშუქება, მიუხედავად მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის დამადასტურებელი არაერთი ოფიციალური განცხადებისა, აშკარად ეწინააღმდეგება აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კეთილმეზობლობის ღირებულებებზეა დაფუძნებული.

"სახელმწიფო მედია საშუალებების უპასუხისმგებლო და მიკერძოებული მიდგომა მიუღებელია, ჩვენ ველით მეორე მხარისგან მკაფიო განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე აუცილებელი ზომების მიღებას მსგავსი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად," - განაცხადა ჰაჯიზადემ.

 

კომენტარები