აზერბაიჯანი-რუსეთი

Minval: გაჟონილ დოკუმენტებში რუსი ოფიცერი აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას აღიარებს

REUTERS/Azamat Sarsenbayev

აზერბაიჯანული მედია Minval აუდიოჩანაწერსა და მიღებულ წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სავარაუდო რუსი ოფიცერი აღიარებს, რომ გასული წლის დეკემბერში საჰაერო სამიზნის ჩამოგდების ბრძანება მიიღო, რომელიც მოგვიანებით Azarbaijan Airlines-ის თვითმფრინავი აღმოჩნდა. 

Minval-ის ცნობით, მათ სამი აუდიოჩანაწერი, ანონიმური წერილი და კაპიტან დმიტრი პალადიჩუკის მიერ ხელმოწერილი განმარტებითი განცხადება მიიღეს. გამოცემის მიხედვით, პალადიჩუკი რუსეთის საჰაერო თავდაცვის კაპიტანია, რომლის თქმითაც, რაკეტების გაშვება მისი თანხმობით მოხდა.  

სავარაუდო განმარტებით წერილში პალადიჩუკი წერდა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობასთან მობილური კავშირის გარდა სანდო საკომუნიკაციო საშუალებები არ ჰქონია. 

ამასთან, რუსული დამოუკიდებელი გამოცემები, Agentstvo და Insider ადასტურებენ პალადიჩუკის იდენტობის არსებობას, რომელიც საჰაერო თავდაცვის ოფიცერია და სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. 

"08:11 საათზე პოტენციური სამიზნე შენიშნეს და რადარით თვალს ადევნებდნენ. სავარაუდოდ, ობიექტისკენ ორი რაკეტა გაუშვეს მას შემდეგ, რაც პალადიჩუკს ტელეფონის მეშვეობით მისი განადგურება უბრძანეს მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ნისლი [სამიზნეს] ოპტიკურ დადასტურებას ხელს უშლიდა," - ვკითხულობთ Minval-ის მიერ მოპოვებულ წერილში. 

წერილის მიხედვით, "ორი რაკეტის გაშვების მომენტში არსებული სამიზნის კოორდინატები, სიჩქარე და მიმართულება დეტალურად არის აღწერილი წერილობით განმარტებაში. პირველი რაკეტა [სამიზნეს] ასცდა, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, საკმარისად ახლოს აფეთქდა იმისთვის, რომ შრაპნელი თვითმფრინავს მოხვედროდა". 

The Insider ასევე წერს, რომ დოკუმენტი ავთენტური ჩანს. გამოცემამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რაკეტის გაშვების მომენტში სამიზნის სიჩქარე აჩვენებს, რომ რუსეთის სარდლობას უნდა სცოდნოდათ, რომ სამიზნე დრონი არ არის. 

Minval-ის ცნობით, მათ გადაამოწმეს "სამი ხმოვანი შეტყობინება," რაც წერილში წარდგენილ მტკიცებულებებს ამყარებს. შეტყობინებები, სავარაუდოდ, ადასტურებს, რომ სამიზნის ჩამოგდებაზე ბრძანებები გაიცა, რის შემდეგაც მოხდა ორი რაკეტის გაშვება და აფეთქების შედეგად შრაპნელი თვითმფრინავს მოხვდა. 

გამოცემა ასევე ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, მოვლენების თანმიმდევრულ განვითარებას ასახავს, როცა ერთ-ერთი პირის რაკეტის გაშვების ბრძანებას გასცემს, რის შემდეგაც ხდება რაკეტის გაშვება, იგივე ხმა ამბობს, რომ "სამიზნეს ასცდა" და შემდეგ, სავარაუდოდ, მეორე რაკეტის გაშვების ბრძანებას იძლევა. 

Euronews-ის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის დღეს აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებმა განაცხადეს, რომ 8243-ე რეისს რუსული მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა ესროლეს, როცა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობა შეინიშნებოდა. 

ამავე წყაროების თქმით, თვითმფრინავს რუსულ აეროპორტებში დაშვების საშუალება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ პილოტები ავარიული დაშვების ნებართვას ითხოვდნენ. ამის მიუხედავად, თვითმფრინავს კასპიის ზღვის გავლით ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გაფრენა უბრძანეს, სადაც ავარიული დაშვების მცდელობისას ის ჩამოვარდა, შედეგადაც კი 38 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 - დაშავდა. 

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, 8242-ე რეისი რუსული Pantsir-S1 სისტემიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მომხდარის გამო ბოდიში მიუხადა. 

თუმცა, მანამდე კრემლი ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია, არ ადასტურებდა. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ხალხი "რაღაც ჰიპოთეზებზე" არ უნდა საუბრობდეს.

კომენტარები