საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ რეჟიმის პატიმარი, ნინო დათაშვილი მოინახულა. ქურდოვანიძე წერს, რომ აუცილებელია, დათაშვილს საჭირო გამოკვლევები დაუყონებლივ ჩაუტარდეს.
"დღეს ნინო დათაშვილს შევხვდი. მხნედ არის, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და დროულად ჰქონდეს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან.
ნინოს საქმეზე საია ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებელია და გამოყენებულია აქტივისტი ქალის დასასჯელად". - წერს ქურდოვანიძე Facebook-ზე.
ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, დათაშვილს გადაადგილება უჭირს, რის გამოც კვლევებისთვის მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ცნობისთვის, 21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





