რუსული რეჟიმი

ნინო დათაშვილს გადაადგილება უჭირს, კლინიკაში გადაყვანას ვითხოვთ - ადვოკატი

რეჟიმის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, დათაშვილს გადაადგილება უჭირს, რის გამოც კვლევებისთვის მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"მას გადაადგილება უჭირს, წელი სტკივა და ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები აქვს, რაც სამედიცინო მტკიცებულებებით დადასტურებულია. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ეს ინფორმაცია უკვე აქვთ, რადგან ჩვენ ნინოს სამედიცინო დოკუმენტები მათ გადავეცით. 

ვითხოვთ, რომ ნინო საქალაქო პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარონ. ამ დრომდე, ჩვენს მოთხოვნებს არანაირი პროგრესი არ აქვს [...] დაკავების შემდეგ, პირველივე პროცესზე პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვისაც ცნობილი იყო, რომ ნინოს საპატიმროში ყოფნა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებდა და ამის შესახებ დოკუმენტებიც დართული იყო". - ამბობს დათაშვილის ადვოკატი.

21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები