მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელის საქმეზე კობახიძისა და წილოსანის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ივანიშვილის დეპუტატის, ნინო წილოსანისა და ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის დაკითხვასთან დაკავშირებით. 

"ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მტკიცებით ფორმაში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით. სასამართლომ უნდა მოგვცეს საშუალება გამოვიკვლიოთ, საიდან აქვს ინფორმაცია ირაკლი კობახიძეს, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით და რა იყო მისი მოტივაცია" - თქვა ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

სასამართლო პროცესიდან ცნობებს გამოცემა ბათუმელები აშუქებს წერილობით, live-რეჟიმში. ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტით სასამართლო სხდომებზე მედიას ფოტო-ვიდეო გადაღება აეკრძალა, რის საფუძველზეც ჟურნალისტები სხდომების წერილობით ჩანაწერებს აკეთებენ და ასე აცნობენ საზოგადოებას, რა ხდება რეჟიმის პატიმრების პროცესებზე.


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

ამასთან, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.

კომენტარები