ივანიშვილის წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "როგორც ჩანს ელჩს ვერ გაუგია სწორად ბიძინა ივანიშვილის პასუხი".
რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ქართული ოცნების მიერ იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები აფიქრებინებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა".
გორდულაძის განცხადებით, ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი არა პირადი მიზნების, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თქვა. ივანიშვილის წარმომადგენელი რობინ დანიგანს მოუწოდებს "ახალი თარჯიმანი აიყვანოს".
"სამწუხაროა, რომ გადამდგარი ელჩი დანიგანი არასწორად ტირაჟირებს და მას ვერ გაუგია პასუხი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა საპასუხოდ, როდესაც უარი უთხრა შეხვედრაზე.
რეალურად, ფაქტია, რომ როდესაც სანქცირებული ადამიანის შეხვედრასთან იყო საკითხი დაკავშირებული, პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განცდა, ამავდროულად შეიძლება ასეთი აღქმაც გაჩენილიყო, რომ პირადი მოტივიდან გამომდინარე მოუწევდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუ პასუხის გაცემა. მაშინ როდესაც, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქართული ოცნების გუნდისთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და არაფერი არ დგას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, მით უმეტეს პირადი საკითხები.
ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი დანიგანი, ყოფილი, გადამდგარი ელჩი ამ განცხადებას აკეთებს, ან მას ვერ გაუგია უარის პასუხი, ან მიზანმიმართულად არის აღნიშნული საკითხი გავრცელებული. რომ არ შევიდეთ კონსპირაციებში საკითხის, ქალბატონ ყოფილ ელჩს მოვუწოდებდით, რომ ალბათ ჯობია ახალი თარჯიმანი აიყვანოს, რომელიც უკეთ გადაუთარგმნიდა შესაბამის პასუხს". - ამბობს გორდულაძე.
რობინ დაგინამა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ადმინისტრაციის დროს, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა ბიძინა ივანიშვილს შეხვედროდა და აშშ-ს გზავნილი გადაეცა, თუმცა ოლიგარქმა ყოველ ჯერზე შეხვედრაზე უარი განაცხადა.
"მე არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ, ვინაიდან მან ეს თავად თქვა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. და მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მე მას შევხვედროდი და გადამეცა წერილი. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა, როგორ დაგვებრუნებინა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა. ამ უარის მის მიერ გამოცხადებული მიზეზი იყო ის, რომ ის სანქცირებულია. მე მგონია, რომ თუკი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ტრამპისგან, ის ფაქტობრივად თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა". - თქვა დანიგანმა.
28 მაისს, აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ "სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ", თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.
იმავე დღეს აშშ-ს საელჩოს წერილით უპასუხა ოლოგარქმა ივანიშვილმა.





