აშშ-ქართული ოცნება

შევხვდით უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა – სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე, ენდრიუ ბეიკერი, თამარ ტალიაშვილი
საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. ინფორმაციას ივანიშვილის პარლამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.

"შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტრესზე და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით". - განაცხადა სამხარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსართხოების გამოწვევებს, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.

ასევე შუა დერეფნის განვითარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.

"ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც იგი წარიმართა, მომავალში წარმატებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს“. - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად,  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე თქვა, რომ აშშ-სთან ისაუბრეს "უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე გადაცდომებზე", რასაც სამხარაძე " საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებს" უწოდებს.

"ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრისა. განვიხილეთ ასევე ის პროექტები და მიმართულებები, რომლებმაც შეიძლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ახალი იმპულსი მისცეს. [...] გვქონდა ასევე საუბარი უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე გადაცდომებზე, მათ შორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე, თუმცა საბოლოო ჯამში, ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი" - განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები