ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს საელჩოს ეხმაურება და წერს, რომ "ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია". ოცნების საპატიო თავმჯდომარის წერილს პარტია ავრცელებს.
"დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც "ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა.
ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით.
ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერმინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია.
გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.
წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი "იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)
ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს.
ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.
იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია.
შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერმინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას." - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ მიზეზებზე, რატომ არ ხვდებოდა ამერიკის ელჩს, 2024 წლის არჩევნებამდეც ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა კომპლექსის გამო - "ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ".
"მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ, ეს ელემენტარული უზრდელობაა. მე განვუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნებოდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
რამეთუ, ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი.
ხელოვნური სანქციები რომ მომეხსნას, მე ეს კომპლექსი რეალურად გამაჩნია - ყველა წესიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს, რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ.
მე ეს კომპლექსი გამაჩნდა და გამაჩნია, მხოლოდ ამ მიზეზით და რამდენიმე განმარტებით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით.
მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, რომ ამ ფულს სადაც გინდათ, იქით მივმართავ, მე ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს ეს, არსებობს დაბლოკილი არასწორად თანხები და მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ, რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთანაა კავშირში. მე ვერ ვიკადრებ იმას, რომ თუნდაც ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო, პოზიცია დავაფიქსირო - მოდი, აი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, ცუდი არ არის და ამ დროს, ვიცი, რომ მე იქ შეხვედრა მქონდა, რასაც არ დავმალავ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ.
ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი, რომ მე მე მაქვს ეს კომპლექსი... მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები, იქნებ, როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს.
ეს იყო მიზეზი ამ ყველაფრის, რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და კარგად ვუმარტავდი, ბოდიშს ვუხდიდი - არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, რომ ამაყი ვარ, ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე" - თქვა ივანიშვილმა 22 ოქტომბერს,
კითხვაზე, "თანხის გაყინვა" იყო ზეწოლა? - ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ უპასუხა - "სხვა როგორ გავიგიოთ?".
"როდესაც ფინანსებს ასე უხეშად გიჩერებენ, ისეთ სასაცილო პასუხებს მწერდა იგივე ჩემი ტრასტი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩემი [ინტერესები]... როდესაც თანხის გადარიცხვას ვთავაზობდი ჩემივე ანგარიშიდან, ბოლოს ასეთ სასაცილო პასუხებს გვცემდნენ - ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ თქვენი შვილები მშივრები არ დატოვოთ, საცინლად გვიგდებდნენ.. რომ თქვენ ქველმოქმედებაზე ძალიან დიდი თანხები არ დახარჯოთ და ჯობია, სასამართლომ გადაწყვიტოს, თქვენ გაქვთ თუ არა უფლება, დახარჯოთ ფული ისე, როგორც თქვენ მოგესურვებათ, არადა, მე ვიყავი ძირითადი, ვინც განკარგავს ანგარიშს და არასდროს მაგის პრობლემა არ მქონია.
თუ იმასაც ვერ გაიგებს საზოგადოება, რომ ორსაათიან დასათვლელს ორი თვე ითვლიდა ექსპერტი და ამ დროს შვებულებაშიც კარგად წავიდა, დაბრუნდა და სანამ სასამართლომ არ დაუწესა დედლაინი, იქამდე არ მიიღეს გადაწყვეტილება. ესაა რეალობა, რავიცი, მეჩვენება? შეიძლება, ვიღაცამ თქვას მაინც, რომ მოჩვენებები მაქვს, ოპოზიციას არ მოერიდება ამისი თქმის" - თქვა ივანიშვილმა, სამთავრობო ტელევიზია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, იმავე გადაცემაში ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სინგაპურში სასამართლო მოიგო, ამერიკის ელჩს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თქვა, რომ შეხვედრა არჩევნების შემდეგ ჩაინიშნა.
"როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა CrediT Swiss-მა და ეს დასრულდა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა.
ვთქვი, რომ ის მიზეზები რაც იყო რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ჯანსაღი, რომ იქიდანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას. დანიშნულია შეხვედრა და მე მაქვს იმედი, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს სურვილი" - ამბობდა ივანიშვილი.





