ქართული ოცნება

ივანიშვილი: პირადი შანტაჟის ფონზე, აშშ-ს ელჩთან შეხვედრა არასწორად მიმაჩნია

წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი "იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)

ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს.

ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია.

შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერმინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება. საელჩო წერს, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ამერიკის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

კომენტარები