აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ამბობს, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერია, მაგრამ ქართული ოცნების მიერ იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები აფიქრებინებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა". ამის შესახებ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ელჩის თქმით, მას როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ადმინისტრაციის დროს, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა ბიძინა ივანიშვილს შეხვედროდა და აშშ-ს გზავნილი გადაეცა, თუმცა ოლიგარქმა ყოველ ჯერზე შეხვედრაზე უარი განაცხადა.
"არ მინდა სპეკულაცია ქართული ოცნების მოტივებზე, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა - ბოლო ერთი წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა მიზნით გადადგეს მათ ნაბიჯების მთელი წყება, რომელმაც ასე გაართულა მათი ურთიერთობები უდიდეს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან?
მთავრობა ბევრს ლაპარაკობს, მაგალითად, სუვერენიტეტზე. ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს ყოველწლიური რეზოლუციის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ, ფაქტობრივად, ხმების მოპოვებაში ვეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ და ევროპელები ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) ძლიერი მხარდამჭერები, ყოველ რაუნდზე, მას შემდეგ რაც GID დაიწყო. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყნის აღდგენას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში. ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და მაინც, ქართული ოცნება ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს და ელოდება, თუ რას გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორობის სწორ გზაზე დასაყენებლად. და აგრძელებს უარყოფითი რაღაცების თქმას შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ახდენს აშშ-სგან იზოლაციას. რატომ? - ნამდვილად რთულია ეს გაიგო.
მე არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ, ვინაიდან მან ეს თავად თქვა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. და მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მე მას შევხვედროდი და გადამეცა წერილი. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა, როგორ დაგვებრუნებინა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა. ამ უარის მის მიერ გამოცხადებული მიზეზი იყო ის, რომ ის სანქცირებულია. მე მგონია, რომ თუკი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ტრამპისგან, ის ფაქტობრივად თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა". - ამბობს დანიგანი.
გარდა ამისა, რობინ დანიგანის თქმით, ყოველთვის როცა ქართული ოცნების რომელიმე მაღალჩინოსანთან გარკვეულ პროგრესს მიაღწევდა, მოულოდნელად აღნიშნული მაღალჩინოსანი იცვლებოდა, ან ზემდგომის კარნახით, "მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა".
"ისე აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან, ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა ანდა მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა". - თქვა რობინ დანიგანმა.
ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ქართული ოცნების მთავრობამ, "ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც სულ უფრო მეტად იზოლაციაში მოაქცია საქართველო აშშ-სგან და გადაახვევინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისივე კონსტიტუციური მიზნისგან, გააღიზიანა თავისი უდიდესი პარტნიორები - აშშ და დასავლეთი, ევროპა და ნამდვილად დაიზიანა რეპუტაცია, განსაკუთრებით-ბიზნესის საზოგადოებაში".





