კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ეხმაურება ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ ცნობებს და ამბობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს მიესალმება.
"ცეცხლის შეწყვეტას თუ მართლაც მიაღწიეს, მაშინ ეს მხოლოდ მისასალმებელია. ეს არის ის, რისკენაც რუსეთი კონფლიქტის დაწყებისთანავე მოუწოდებდა. იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მდგრადი იქნება" – ამბობს პესკოვი.
ჟურნალისტების კითხვაზე, გადასცა თუ არა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის წერილი ვლადიმირ პუტინს, პესკოვმა უპასუხა, რომ ვლადიმირ პუტინისთვის წერილი არ გადაუციათ, თუმცა, იყო სიტყვიერი გზავნილები.
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ირწმუნება, რომ ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომდევნო ერთი დღის შემდეგ კონფლიქტი დასრულდება.
ტრამპი წერს, რომ თავდაპირველად გამოცხადდება 12-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო როცა 24 საათი შესრულდება, კონფლიქტი დასრულებულად "ჩაითვლება".
აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია შეთანხმების დამატებითი დეტალები და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების გარანტიები.
ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე აშშ-ს მიერ წარდგენილ წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა დაამატა, რომ ზავის ნებისმიერი სახით დარღვევას "ძალით უპასუხებს".
მალევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.





