ბრაზილიაში საჰაერო ბურთს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა. ქვეყნის სამხრეთ შტატ სანტა კატარინაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი.
სანტა კატარინას სახანძროს განცხადებით, საჰაერო ბურთში 21 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 13-ის გადარჩენა მოხერხდა.
საჰაერო ბურთის პილოტის თქმით, რომელიც გადარჩენილთაგან ერთ-ერთია, ცეცხლი კალათაში გაჩნდა, რის შედეგადაც საჰაერო ბურთმა დაშვება დაიწყო. მისივე თქმით, როდესაც ბურთი მიწას მიუახლოვდა, მან მგზავრებს უთხრა, კალათიდან გადამხტარიყვნენ. პილოტის ცნობითვე, რამდენიმე მგზავრმა კალათიდან გადახტომა ვერ მოახერხა.
ადგილობრივმა სატელევიზიო არხმა G1-მა ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეშვება ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთი დაბლა. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ასახავს, თუ როგორ ვარდება ორი ადამიანი ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთიდან.
ცნობისთვის, გასულ კვირას, 15 ივნისს, ბრაზილიის შტატ სან-პაულუში საჰაერო ბურთი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 27 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი.





