ლიბანში ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია შიიტური დაჯგუფების, ჰეზბოლას ორი სამხედრო მეთაური.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, პირველ დარტყმას, რომელიც დასახლება ბარიშის ტერიტორიაზე მოხდა, ლითანის მდინარის სექტორში დაჯგუფების სარაკეტო არტილერიის დანაყოფის მეთაური, იასინ იზ ა-დინი ემსხვერპლა. როგორც IDF-ში აცხადებენ, იზ ა-დინი მონაწილეობას იღებდა ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაში და ცდილობდა აღედგინა ჰეზბოლას საარტილერიო ძალები.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მცირე ხნის შემდეგ IDF-ში გამოაცხადეს, რომ დრონის დარტყმის შედეგად სამხრეთ ლიბანში მოკლეს მოჰამედ აჰმად ხრეისი, რომელიც, IDF-ის ცნობით, შებაას არეაში ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაური იყო. IDF-ში ამბობენ, რომ წარსულში ის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობდა.
პარალელურად, ირანსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ჰეზბოლამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აიათოლა ალი ხამენეისადმი მხარდაჭერა გამოთქვეს. მათ ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის მუქარებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდეს და თქვეს, რომ ამას "კატასტროფული შედეგები" მოჰყვება.
ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლის ფონზე, ჰეზბოლა - თეირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება, რომელიც ლიბანში მოქმედებს - საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. მათ პირველი იერიშების დროს ისრაელის ქმედება დაგმეს, თუმცა მედიასთან საუბარში თქვეს, რომ მოქმედებებში ჩართვას არ აპირებდნენ. დაჯგუფება განსაკუთრებით დაასუსტა რამდენიმე თვის წინ ისრაელის მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციებმა.





