აშშ-ს ჰელსინკის კომისია X-ზე გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ საქართველოს "დე ფაქტო მთავრობა" თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის:
"200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი აქციების შემდეგ, საქართველოში დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს [ბაჩიაშვილის დაკავება] ამის კიდევ ერთი მაგალითია. ქართული ოცნების მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვას." - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
მანამდე, ამერიკელმა სენატორმა და MEGOBARI აქტის ერთ-ერთმა თანასპონსორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის გატაცება "დარტყმაა" ქართული დემოკრატიისთვის.
"მამაცი ქართველი ხალხის პროტესტის 200 დღის შემდეგ, ქართული ოცნების ტაქტიკა უფრო უსუსური გახდა.
გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება ქართული დემოკრატიისთვის დარტყმაა - მე არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ მივაღწიოთ პასუხისგებას - მაგალითად, ჩემი ორპარტიული MEGOBARI Act-ის მიღებას." - დაწერა შაჰინმა X-ზე.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.
27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.





