დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელი სამხედრო საწარმოებთან ახლოს მყოფ ირანის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

Atta Kenare/AFP

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სამხედრო საწარმოებთან ახლოს მყოფ ირანის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

განცხადებას IDF-ის არაბული პრესსამსახურის სპიკერი სპარსულ ენაზე ავრცელებს.

"ყველა პირი, ვინც ამჟამად იმყოფება ან მოსალოდნელია, რომ იქნება სამხედრო იარაღის საწარმოო ობიექტებსა და მათთან დაკავშირებულ დაწესებულებებთან ახლოს, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს აღნიშნული ტერიტორიები და არ დაბრუნდეს იქამდე, სანამ ამის შესახებ დამატებითი მითითება არ გაიცემა. ამ ობიექტებთან ახლოს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს" - ნათქვამია განცხადებაში


13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.

 

კომენტარები