ისრაელში ქალაქ ტამრაში ირანული ბალისტიკური რაკეტა ორსართულიან სახლს მოხვდა, რასაც, სულ მცირე, ერთი ქალი ემსხვერპლა, 13 სხვა ადამიანი კი დაშავდა.
ამის შესახებ ცნობებს გამოცემა Times of Israel პირველადი დახმარების პერსონალზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება განაახლა.
პარალელურად, IDF-მ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში დაიწყო.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.
შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.





