დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ივანიშვილის საგარეო: ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანსა და ისრაელს შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "დაძაბულობის ზრდით" ღრმად არის შეშფოთებული და დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ამის შესახებ ივანიშვილის სამინისტრო X-ზე წერს.

"ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მტკიცედ ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურების ცნობით, დაშავდა 15 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა "წითელ ხაზებს გადააბიჯა", როდესაც მის მიერ გაშვებული რაკეტები სამოქალაქო დასახლებებს მოხვდა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლების რეჟიმმა მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი კრიმინალური ქმედებებისთვის". - აღნიშნა კაცმა.

კომენტარები