ABC News-ის კორესპონდენტთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე ისრაელის იერიში "შესანიშნავად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ "კიდევ მეტი იქნება".
"ვფიქრობ, რომ შესანიშნავია, მათ შანსი მივეცით და არ გამოიყენეს. ძლიერად დაარტყეს, ძალიან ძლიერად. დაახლოებით იმდენად ძლიერად დაარტყეს, რამდენადაც არის შესაძლებელი. კიდევ მეტი [დარტყმა] იქნება. ძალიან ბევრი". - თქვა ტრამპმა გამოცემასთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვას, მიიღო თუ არა აშშ-მ იერიშში მონაწილეობა, ტრამპმა უპასუხა, რომ "ამაზე კომენტარის გაკეთება არ სურს".
მანამდე, ტრამპმა Truth Social-ზე ირანს ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა და დაწერა, რომ ის ამ სცენარის შესახებ ირანს აფრთხილებდა. მისივე თქმით, "ხისტი პოლიტიკის ზოგიერთი ირანელი მხარდამჭერი მამაცურად ლაპარაკობდა", მაგრამ ახლა "ყველა მათგანი მკვდარია".
13 ივნისის დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.
ხოლო მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.
ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი.
თავის მხრივ, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დარტყმა "პრევენციული". ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა.
ამავდროულად, გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებსა და ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის იერიშის შედეგად მოკლეს.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შამხანი თეირანში თავის საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო დაიღუპა.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "აღმავალი ლომი", "გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო".
შეგახსენებთ, რომ Axios-ის ცნობით, ისრაელმა თეთრი სახლი დაარწმუნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
ირანისა და აშშ-ს მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ომანში 15 ივნისს არის დაგეგმილი. მაგრამ WP-ს წყაროები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა, არ გაიმართოს.
აქამდე ტრამპი მოლაპარაკებებს, რომლებიც აპრილში დაიწყო, დადებითად აფასებდა და ამბობდა, რომ პროცესი პოზიტიური მიმართულებით ვითარდებოდა. მისივე თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სამხედრო გეგმები დროებით გადაედო.
თუმცა, 11 ივნისს ტრამპმა აღნიშნა, რომ "ნაკლებად დარწმუნებულია" რომ ირანი აშშ-ს მოთხოვნებს დათანხმდება და ურანის გამდიდრების პროგრამას შეაჩერებს.
ტრამპის განცხადების შემდეგ, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამის შედეგად კონფლიქტი აღმოცენდება, ირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.





