ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "აღმავალი ლომი" დაიწყო, რომლის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.
"რამდენიმე წუთის წინ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია "ამომავალი ლომი". ოპერაცია გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, უკანასკნელ წლებში ირანმა იმ რაოდენობის გამდიდრებული ურანის წარმოება შეძლო, რომელიც ცხრა ბირთვული ბომბისთვის იყო საკმარისი.
"ოთხმოცი წლის წინ, ებრაელი ხალხი ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა მოაწყო. დღეს ებრაული სახელმწიფო უარს ამბობს, გახდეს ბირთვული ჰოლოკოსტის მსხვერპლი, რომელიც ირანის რეჟიმისგან მოდის". - თქვა ნეთანიაჰუმ საკუთარ მიმართვაში.
"ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, აღკვეთო საფრთხე მანამდე, სანამ ის სრულად რეალიზდება. ერთი საუკუნის წინ, ნაცისტებთან დაპირისპირებისას, ლიდერებმა დროულად ვერ იმოქმედეს. უმოქმედობამ ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია, რომელმაც 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, მათ შორის 6 მილიონი ებრაელი, ჩემი ხალხის მესამედი. ამ ომის შემდეგ ებრაელმა ხალხმა და ებრაულმა სახელმწიფომ დაიფიცა, რომ ეს აღარასდროს მოხდებოდა და ეს დღეც დადგა.
დღეს ისრაელმა აჩვენა, რომ ისტორიის გაკვეთილები ვისწავლეთ. როცა მტერი გემუქრება განადგურებით, უნდა დაუჯერო. როცა მტერი მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებს, უნდა შეაჩერო. როგორც ბიბლია გვასწავლის, როცა ვინმე მოდის, რომ მოგკლას, პირველმა უნდა იმოქმედო. სწორედ ეს გააკეთა დღეს ისრაელმა". - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
მიმართვისას ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვულ პროგრამასთან ბრძოლის საქმეში ლიდერობისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.





