აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში ისრაელის იერიშის შემდეგ ირანს ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ის ამ სცენარის შესახებ ირანს აფრთხილებდა. მისივე თქმით, "ხისტი პოლიტიკის ზოგიერთი ირანელი მხარდამჭერი მამაცურად ლაპარაკობდა", მაგრამ ახლა "ყველა მათგანი მკვდარია".
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
"ირანს შეთანხმების დადების არაერთი შანსი მივეცი. უმკაცრესი სიტყვებით ვუთხარი, რომ "უბრალოდ გააკეთონ ეს", მაგრამ რამდენადაც არ უნდა ეცადათ, რამდენადაც ახლოს არ უნდა მისულიყვნენ ამასთან, უბრალოდ ვერ აკეთებდნენ. ვუთხარი, რომ იმაზე უარესი რამ ელოდათ, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც იციან, მოელოდნენ ან გაუგიათ, [ვუთხარი,] რომ აშშ მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მომაკვდინებელ სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს და ისრაელს ის მრავლად აქვს, კიდევ უფრო მეტი იქნება და მისი გამოყენებაც იცის. ხისტი პოლიტიკის ზოგიერთი ირანელი მხარდამჭერი მამაცურად ლაპარაკობდა, მაგრამ არ იცოდა, რა მოხდებოდა მალე. ახლა ყველა მათგანი მკვდარია და ახლა მხოლოდ უარესი მოხდება! მრავალი სიკვდილი და მსხვილი მასშტაბის განადგურება უკვე მოხდა, მაგრამ კვლავ დარჩა დრო საიმისოდ, რომ შეჩერდეს ეს ხოცვა, როდესაც შემდგომი უკვე დაგეგმილი თავდასხმები კიდევ უფრო სასტიკია. ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, სანამ არაფერი აღარ დარჩება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ცნობილი იყო, როგორც ირანის იმპერია". - წერს ტრამპი.
13 ივნისის დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.
ხოლო მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.
ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი.
თავის მხრივ, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დარტყმა "პრევენციული". ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა.
ამავდროულად, გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებსა და ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის იერიშის შედეგად მოკლეს.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შამხანი თეირანში თავის საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო დაიღუპა.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "აღმავალი ლომი", "გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო".
შეგახსენებთ, რომ Axios-ის ცნობით, ისრაელმა თეთრი სახლი დაარწმუნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
ირანისა და აშშ-ს მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ომანში 15 ივნისს არის დაგეგმილი. მაგრამ WP-ს წყაროები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა, არ გაიმართოს.
აქამდე ტრამპი მოლაპარაკებებს, რომლებიც აპრილში დაიწყო, დადებითად აფასებდა და ამბობდა, რომ პროცესი პოზიტიური მიმართულებით ვითარდებოდა. მისივე თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სამხედრო გეგმები დროებით გადაედო.
თუმცა, 11 ივნისს ტრამპმა აღნიშნა, რომ "ნაკლებად დარწმუნებულია" რომ ირანი აშშ-ს მოთხოვნებს დათანხმდება და ურანის გამდიდრების პროგრამას შეაჩერებს.
ტრამპის განცხადების შემდეგ, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამის შედეგად კონფლიქტი აღმოცენდება, ირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.





