იტალიურმა გამოცემამ Il Foglio მილანში საქართველოს საკონსულოს "გახსნის" ცერემონიაზე ქართული ოცნების დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით სარედაქციო წერილს აქვეყნებს.
სტატიაში, რომლის სათაურიც "ბეპე სალას [მილანის მერი] ქართული ოცნებაა", აღნიშნულია, რომ გაუგებარია, თუ რა საჭიროება იყო 2023 წლიდან მოქმედი საკონსულოს გახსნის ცერემონიის ჩატარების. რედაქციის შეფასებით, "ეს უფრო მეტად გახლდათ იმის შესაძლებლობა, რომ იტალიაში ჩამოსულიყვნენ და მიეღოთ საჯარო ტრიბუნა და აღიარება იმ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში არალიბერალურ რეფორმებს ახორციელებენ, რაც მათ ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას აძლევს".
2023 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საკმაოდ საეჭვო და არაგამჭვირვალე პირობებში არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდა რეპრესიები როგორც ოპოზიციის, ასევე იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ – მშვიდობიანად და მტკიცედ გამოდიან საპროტესტო აქციებზე მერი კალაძის თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე.
კალაძე დღეს წარმოადგენს რეჟიმს, რომელიც ავიწროებს, აპატიმრებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, აღვივებს სიძულვილს უმცირესობების მიმართ და ცენზურას აწესებს რუსული რეჟიმის კანონმდებლობის პირდაპირი გადმოღებით.
ქართული ოცნება სისტემურად ზღუდავს ადამიანის უფლებებს. საქართველო თანდათან იქცევა ერთ დიდ ციხედ. ეს არაერთ ქვეყანაში უკვე ვნახეთ და დასავლეთმაც, მათ შორის, ევროპამ, ამის შესაძლებლობა დაუშვა იმ დროს, როდესაც მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ, ზუსტად ისე, როგორც დღეს ითხოვს ამას ქართველი ხალხი. თბილისში დღეს ხდება ის, რაც ვიხილეთ მოსკოვსა და მინსკში. ამის გაცნობიერების გარეშე, ხელის ჩამორთმევა რეპრესიების წარმომადგენელთან, როგორც ეს სალამ გააკეთა კალაძესთან – რომელიც ქალაქის ერთ დროს ამ ქალაქის სიმბოლო იყო, მაგრამ მერს უნდა შეეძლოს სპორტსმენსა და პოლიტიკოსს შორის განსხვავების დანახვა - ნიშნავს წარსულის შეცდომების აღიარების უუნარობას და არა მზადყოფნას, დაიცვას უფლებები და თავისუფლებები, როდესაც ისინი ნამდვილად საფრთხის ქვეშაა.





